მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიობის დამოკიდებულება ბუნების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1960-1970-იან წლებში მსოფლიოში უამრავი ადამიანი ჩაერთო სხვადასხვა გარემოსდაცვით მოძრაობებში. გარემოს დაცვა კი სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა, როგორც განვითარებულ, ასე განვითარებად ქვეყნებში. ამისი მაგალითად ისიც კმარა, რომ მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან თითქმის ყველა ქვეყანაში ჩამოყალიბდა გარემოს დაცვის სამინისტროები თუ სააგენტოები. საერთაშორისო დონეზე კი, არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა.
დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლოა უცნაურადაც კი მოგვეჩვენოს, რომ მსოფლიოს სახელმწიფოების უმეტესობას მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე თითქმის არ გააჩნდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული კანონმდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ გამონაბოლქვი განსაკუთრებულად აწუხებდათ დიდ ქალაქებში, მაგალითად, ლონდონსა და ლოს ანჯელესში, 1970-იან წლებამდე თითქმის არ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც ასეთ ელემენტარულ საკითხებს დაარეგულირებდა. ასევე არ არსებობდა რეგულაციები წყლის დაბინძურებასა და ნარჩენების (ნაგვის) მართვის შესახებ[1].
ამ მხრივ დღეს ჩვენ სრულიად განსხვავებულ რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ყოველდღიურობის ნაწილია[2]. რა თქმა უნდა, ამჟამინდელი სახელმწიფო კანონმდებლობა შეიძლება სულაც არაა სრულყოფილი. თუმცა, აშკარაა, რომ სულ რაღაც ბოლო რამდენიმე ათწლეულში, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და მდგრადი განვითარება, მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებად იქცა.
საინტერესოა, როგორ მოვედით აქამდე?
გზა მდგრად განვითარებამდე
მდგრადი განვითარების ცნება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სხვადასხვა პოლიტიკური, ეკოლოგიური და ინტელექტუალური დებატებისა და ბრძოლების შედეგად გაჩნდა. 1960-იან და 1970-იან წლებში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში იზრდებოდა საზოგადოებრივი უკმაყოფილება ინდუსტრიალიზაციის, უსაზღვრო ეკონომიკური ზრდისა და კონსუმერიზმის დედამიწის ეკოლოგიაზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ. ამ პერიოდში არაერთი მწერალი, ინტელექტუალი, მეცნიერი, და პოლიტიკოსი ღიად აკრიტიკებდა ადამიანის მომხმარებულურ დამოკიდებულებას ბუნების მიმართ, და ცდილობდა საზოგადოების ყურადღება გარემოს დაცვის პრობლემატიკაზე მიეპყრო[3].
შედეგად, მსოფლიო საზოგადოებისთვის ცხადი ხდებოდა, რომ კაცობრიობის ეკონომიკური კეთილდღეობა ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაზე იდგა (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი და სხვა), რაც ეკოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებდა. ეს ასევე გავლენას ახდენდა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, წყლის სისუფთავეზე, და სხვა. ამ მოვლენების შედეგად „მდგრადი განვითარება“ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო დღის წესრიგშიც აღმოჩნდა[4].
უკვე 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მათ შორის იყვნენ ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) და ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF). ამ ორგანიზაციებმა გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა საერთაშორისო არენაზეც დაიწყეს. ამავე პერიოდში, ასევე, შეიქმნა არაერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აკრიტიკებდნენ კონსიუმერიზმის უარყოფით გავლენას ბუნებაზე და ადამიანებს შორის სოციო-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებაზე. არაერთი ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც 1970-იან წლებში დაარსდა, მიზნად ისახავდა საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და ფასეულობების ცვლილებას.
1960-1970-იანი წლების პერიოდის საზოგადო შეშფოთებასა და დარდს კარგად გამოხატავს ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი „ზრდის ზღვარი“ (“The Limits to Growth”). ნაშრომი მსოფლიო ორგანიზაცია „რომის კლუბმა“ („The Club of Rome“) გამოსცა. ნაშრომში ნათქვამი იყო, რომ თუ იმჟამინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდებოდა, მსოფლიო სავალალო ეკონომიკურ და ეკოლოგიურ შედეგებს მიიღებდა. კვლევის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ შეუძლებელი იყო ეკონომიკური წარმოების უსასრულო ზრდა - არსებობდა ზრდის ზღვარი. ხოლო თუ ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნდებოდა, კვლევის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ზღვარს 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში მიაღწევდა[5]. ამის მიზეზი კი მზარდი ინდუსტრიალიზაცია, მოსახლეობის სწრაფი ზრდა, მსოფლიოში არსებული საკვების უკმარისობა, ბუნებრივი არა-განახლებადი რესურსების ამოწურვა, და გარემოს დაბინძურება იქნებოდა.
ერთად აღებული, ამ მოვლენებმა ბიძგი მისცა საერთაშორისო პროცესს, რომელიც 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არაერთ კონფერენციას, კომისიასა და შეთანხმებას მოიცავდა. მათ შორის, პირველი 1972 წლის სტოკჰოლმში გამართული კონფერენცია იყო, სადაც პირველად გაცხადდა გარემოს დაცვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვან პრობლემად. სტოკჰოლმის კონფერენციაზე საერთაშორისო დონეზე ერთ ჩარჩოში პირველად მოექცა ეკონომიკური ზრდა, ჰაერის, წყლისა და ოკეანეების დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები[6].
ბრუნთლენის კომისია - „ჩვენი საერთო მომავალი“
რას გულისხმობს მდგრადი განვითარება?
მდგრადი განვითარების ცნების პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ბრუნთლენის კომისიამ (Brundtland Commission), რომელიც 1987 წელს გაიმართა გაერთიანებული ერების (გაეროს) ორგანიზაციის გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის ორგანიზებით. კომისიის მიზანი იყო ხელი შეეწყო ერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და ახალი გლობალური დღის წესრიგი წარედგინა[7].
კომისიის შემადგენლობაში ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლები. მათი ძირითადი მიზანი იყო, რომ გარემოსდაცვით თემატიკას არ დაეჩრდილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც იყო ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის აღმოფხვრა[8]. ბრუნთლენის კომისიამ საფუძვლიანად მიმოიხილა მსოფლიოს წინაშე არსებული ეკოლოგიური პრობლემები და გამოაქვეყნა ანგარიში სახელად „ჩვენი საერთო მომავალი“. ანგარიშში ხაზი გაესვა ბუნებრივი რესურსების მართვის გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას. კომისიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელი იყო გარემოს დაცვაზე ზრუნვა, ისევე, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამას გულისხმობს „მდგრადი განვითარება“. ანგარიშში წერია:
„კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა განვითარდეს მდგრადად, რათა უზრუნველყოფილი იყოს დღევანდელი მოთხოვნილებები, ისე, რომ არ დაეკარგოს მომავალ თაობებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება.“[9]
შესაბამისაც, „ჩვენი საერთო მომავალი“ აყენებს უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ეხება საზოგადოების საჭიროებების დაკმაყოფილებასა და დედამიწის ბუნებრივი რესურსების ათვისებას ისე, რომ დაცული იქნას ოქროს შუალედი ეკოლოგიასთან. ანგარიშის მიხედვით, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მომავალი ტექნოლოგიური განვითარება ხელს შეუწყობდა ამ წონასწორობის მიღწევას.
შეიძლება ითქვას, რომ მდგრადი განვითარება როგორც თაობათა შიდა, ასევე თაობათა შორის სამართლიანობის პრინციპს ემყარება და ამავდროულად ეყრდნობა სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ საკითხს: ეკოლოგიას, ეკონომიკასა და საზოგადოებას[10]. თავად მდგრადი განვითარების პროცესი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები მუდმივად ითვალისწინებდნენ ამ სამი საკითხის ურთიერთდამოკიდებულებას. ამას დამატებული, აფასებდნენ როგორც მათ თანხვედრას (complementarities), ასევე მათ შორის შესაძლო დათმობების საჭიროებას (trade-offs). ამ ურთიერთდამოკიდებულების მუდმივი ანალიზი მნიშვნელოვანია კაცობრიობის განვითარების ხელშეწყობისთვის საერთაშორისო, ეროვნულ, საზოგადოებრივ თუ ინდივიდუალურ დონეზე[11].
კრიტიკა
მდგრადი განვითარების ის განმარტება, რომელიც ბრუნთლენის კომისიამ დაამკვიდრა დღესაც ხშირად გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ეხვეოდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში.
პირველ რიგში ეს კრიტიკა ეხებოდა მდგრადი განვითარების ცნების ბუნდოვან და გაურკვეველ განმარტებას, რომელიც მიხედვითაც რთულია ნათელი მიზნის ან მიზნის მიღწევის კონკრეტული გზების დასახვა[12]. შედეგად ვიღებთ, რომ მდგრადი განვითარების ბრუნთლენის კომისიისეული განმარტება საშუალებას იძლევა ცნების პრაქტიკაში გადმოტანისას, ის კონკრეტულ მიზანზე მორგებით განისაზღვროს. ეს პრობლემურია და ხშირად გაურკვევლობას იწვევს.
მეორე მნიშვნელოვანი კრიტიკა ეხება სიღარიბის არასრულფასოვან დახასიათებას. კერძოდ, ბრუნთლენის ანგარიშში სიღარიბის მთავარ გამომწვევ მიზეზებად არასაკმარისი ტექნიკური ცოდნა (know-how) და რესურსების მართვის შესაძლებლობების ნაკლებობა (lack of capacities) იყო დასახელებული. შესაბამისად, სიღარიბიდან დაძლევისთვის აუცილებლად, სწორედ ცოდნის გაღრმავება, სხვადასხვა შესაძლებლობების განვითარება, და რესურსების სწორი შეფასება/მართვა იყო მიჩნეული[13]. ამასობაში, სრულიად უგულვებელყოფილი იყო ისეთი ღრმა სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობა, როგორიცაა მაგალითად მიწის რეფორმები, ან კულტურული ღირებულებების ცვლილების საჭიროება (მაგალითად დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის ზედმეტად მომხმარებლური ცხოვრების სტილი)[14].
მიუხედავად ამისა, ბრუნთლენის ანგარიშმა დიდი როლი ითამაშა მდგრადი განვითარების საკითხის წამოწევაში და შეძლო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინა მნიშვნელოვან დილემაზე: თუ განვითარება ეფუძნება არამდგრად ეკონომიკურ ზრდას, ის აუცილებლად მიგვიყვანს ეკოლოგიურ კატასტროფამდე.
რა მდგომარეობაა დღეს?
2000-იანი წლების დასაწყისიდან საერთაშორისო დონეზე განვითარების ახალი, განახლებული ხედვა გაჩნდა. კერძოდ, ეს ცვლილება უკავშირდება გაეროს ათწლეულის განვითარების მიზნებს (Millennium Development Goals - MDGs), სადაც სიღარიბისა და შიმშილის დაძლევასთან ერთად ხაზი გაესვა საერთაშორისო განვითარებისთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და გენდერული თანასწორობა[15].
2015 წელს კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იქნა ახალი „მდგრადი განვითარების მიზნები“ (Sustainable Development Goals - SDGs), რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის დაძლევას, პლანეტის დაცვას და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ყველასთვის.[16] მდგრადი განვითრების 17 მიზანი ბევრად უფრო ფართო და ამბიციურია, ვიდრე მანამდე არსებული ათასწლეულის განვითარების 8 მიზანი. მდგრადი განვითარების მიზნები მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე თანაბრად ვრცელდება. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, სიღარიბის დაძლევას, ჯანდაცვასა და განათლებას დაემატა არაერთი მიზანი, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს მოიცავს. მე-13 მიზანის ჩამოყალიბებაზე (კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები) დიდი გავლენა იქონია იმ პერიოდში მიმდინარე მოლაპარაკებებმა პარიზის შეთანხმების შესახებ და მიზნის ქვეშ არსებული აქტივობებიც შესაბამისად განისაზღვრა[17].
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ 2015 წლის შემდგომი საერთაშორისო განვითარების დღის წესრიგი მკვეთრად ორიენტირებულია როგორც ადამიანებზე, ასევე პლანეტაზე, საზოგადო კეთილდღეობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
წყაროები:
[1] Richard N. L. Andrews, Managing the Environment, Managing Ourselves: A History of American Environmental Policy, 2nd ed (New Haven: Yale University Press, 2006). [2] Ann Hironaka, Greening the Globe: World Society and Environmental Change (Cambridge: Cambridge University Press, 2014), https://doi.org/10.1017/CBO9781139381833. [3] მათ შორის იყვნენ ალდო ლეოპოლდი, რეიჩელ კარსონი, ჩარლს რაიხი, ე.ფ. შუმახერი, რეიჩელ ვარდი, ლინ უაითი, ვანდანა შივა, და ა.შ. [4] M. R. Redclift and Delyse Springett, eds., Routledge International Handbook of Sustainable Development, Routledge International Handbooks (London ; New York, NY: Routledge, Taylor & Francis Group, 2015). [5] John Blewitt, “1. Towards Sustainable Development,” in Understanding Sustainable Development, Third edition (London ; New York: Routledge, Taylor & Francis Group, 2018), 7–40. [6] United Nations, “United Nations Conference on the Environment, Stockholm 1972,” United Nations (United Nations), accessed April 26, 2021, https://www.un.org/en/conferences/environment/stockholm1972. [7] Ksenia Gerasimova, Our Common Future, 2017, https://public.ebookcentral.proquest.com/choice/publicfullrecord.aspx?p=4906227. [8] Blewitt, “1. Towards Sustainable Development.” [9] WCED, “Report of the World Commission on Environment and Development: Our Common Future,” 1987. [10] Justice Mensah, “Sustainable Development: Meaning, History, Principles, Pillars, and Implications for Human Action: Literature Review,” ed. Sandra Ricart Casadevall, Cogent Social Sciences 5, no. 1 (January 1, 2019): 1653531, https://doi.org/10.1080/23311886.2019.1653531. [11] Mensah. [12] Renu Agarwal and Dr. Anu Bharti, “Key Issues Relating to the Concepts of Development, Sustainability and Sustainable Development,” Cosmos - An International Journal of Management 9, no. 1 (September 30, 2019): 15–19. [13] Sharachchandra M. Lélé, “Sustainable Development: A Critical Review,” World Development 19, no. 6 (June 1991): 607–21, https://doi.org/10.1016/0305-750X(91)90197-P. [14] Lélé. [15] United Nations General Assembly, “55/2. United Nations Millennium Declaration” (New York, 2000). [16] United Nations General Assembly, “70/1. Transforming Our World: The 2030 Agenda for Sustainable Development” (New York, 2015). [17] Diana M Liverman, “Geographic Perspectives on Development Goals: Constructive Engagements and Critical Perspectives on the MDGs and the SDGs,” Dialogues in Human Geography 8, no. 2 (July 2018): 168–85, https://doi.org/10.1177/2043820618780787.
Comments