top of page
Writer's pictureClimate Basics

საერთაშორისო ინსტრუმენტები

Updated: Apr 2, 2022

კლიმატის ცვლილების ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტრუმენტები


კლიმატის ცვლილების მმართველობა არის პოლიცენტრული (Ostrom, 2009), თუმცა მისი გლობალური საპასუხო მოქმედებებისა და მიდგომების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი აქვს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმს, უფრო კონკრეტულად კი, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) რეჟიმს. აღნიშნული საერთაშორისო რეჟიმი ვითარდება მოლაპარაკებების გზით და გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსით. რეჟიმის ხერხემალს კი წარმოადგენს სამართლებრივი ძალის მქონე კლიმატის ცვლილების სამი საერთაშორისო ხელშეკრულება, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია, კიოტოს პროტოკოლი (ან ოქმი) და პარიზის შეთანხმება.

რაც შეეხება კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის პანელს (IPCC), დაარსებიდან დღემდე, რეგულარულად აფასებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მეცნიერებას, კლიმატის ცვლილების ამჟამინდელ შედეგებსა და პროგნოზებს. მისი კვლევის შედეგები არის ავტორიტეტული და ინსტრუმენტული კლიმატის ცვლილების გლობალური საპასუხო მოქმედებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას (Fischlin, 2017).

ნაკლებად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისათვის ფინანსური რესურსების მოძიება და დახმარება განსაკუთრებულ როლს თამაშობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში. სხვა გლობალურ ფონდებთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), ფინანსურად ეხმარებიან ნაკლებად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების შერბილების და კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო ზომების ეროვნულ დონეზე დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ქვემოთ არის ჩამოთვლილი ძირითადი ინსტრუმენტები, თუმცა თითოეულ ორგანიზაციასა თუ ინსტრუმენტზე გაკეთდება შედარებით დეტალური სტატიები.


IPCC შეიქმნა 1988 წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა (WMO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ (UNEP). IPCC-ს ამჟამად ჰყავს 195 წევრი ქვეყანა.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია მთავრობებს მიაწოდოს კლიმატის ცვლილების შესახებ მეცნიერული ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარებათ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ფორმულირებაში. IPCC-ის ანგარიშები განსაკუთრებულ როლს თამაშობს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

ამჟამად, IPCC შედგება სამი სამუშაო და ერთი სპეციალური ჯგუფისგან. სამუშაო ჯგუფებია: I - კლიმატის ცვლილების საფუძველი - ფიზიკური მეცნიერებები; II - კლიმატის ცვლილების გავლენა, ადაპტაცია და მოწყვლადობა; III – კლიმატის ცვლილების შერბილება. რაც შეეხება სპეციალურ ჯგუფს, მისი მთავარი ამოცანაა ეროვნული ინვენტარიზაციის, სათბურის აირების დათვლისა და ანგარიშგებისთვის საჭირო მეთოდოლოგიის დადგენა და განახლება. აღნიშნულ ჯგუფებს ემსახურებათ ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებები (TSU).

2007 წელს, IPCC-ის მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობისდარგში, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის გავრცელებისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებისათვის საჭირო საფუძვლების დადგენაში შეტანილი წვლილისთვის.



IPCC თავად არ ატარებს კვლევებს, არამედ ახდენს კლიმატის ცვლილების შესახებ სხვადასხვა ავტორიტეტული ექპერტების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების, კვლევებისა და ცოდნის შეგროვებას, შეფასებას და დამუშავებას. როგორც უკვე აღინიშნა, IPCC აქვეყნებს ინვენტარიზაციისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიას, შეფასების, სინთეზურ და სპეციალურ ანგარიშებს. IPCC–ის ანგარიშები ძალიან ტექნიკური და მოცულობითია, ამიტომ შეფასების, სპეციალურ და სინთეზურ ანგარიშებს თან ახლავს „შეჯამება გადაწყვეტილებამიმღებთათვის“, რაც საფუძვლად ედება საჯარო და პოლიტიკურ განხილვებს. შემდეგი, ანუ მე-6 შეფასების ანგარიშები გამოქვეყნდება 2021 წლის ივლისსა და ოქტომბერში.

საქართველო კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის წევრი ქვეყანაა.


1992 წლის ნოემბერში, ორ წლიანი მოლაპარაკებების შედეგად, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შექმნილმა მთავრობათაშორისმა მომლაპარაკებელმა კომიტეტმა მიიღო UNFCCC. კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა 1992 წლის 4 ივნისს, რიო დე ჟაინეროში, გაეროს გარემოსა და განვითარების კონფერენციაზე (ცნობილია როგორც „დედამიწის სამიტი“, „The Earth Summit“). კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლის 21 მარტიდან. ამჟამად, კონვენციას 197 მონაწილე მხარე ჰყავს. UNFCCC არის საერთაშორისო კლიმატის ცვლილების რეჟიმის პირველი საერთაშორისო (სამართლებრივი) ხელშეკრულება.

კონვენციის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს „მხარეთა კონფერენცია“ (COP), რომელიც რეგულარულად განიხილავს კონვენციის განხორციელების საკითხებს და კონვენციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება მიიღოს მხარეთა კონფერენციამ.

კონვენციის მიზანია, მხარეებმა მიაღწიონ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციიის სტაბილიზაციას იმ დონეზე, რაც კლიმატის სისტემაზე საშიშ ანთროპოგენურ ზემოქმედებას შეაჩერებს. ასეთი დონე, მიღწეული უნდა იქნეს ეკოსისტემების კლიმატის ცვლილებასთან ბუნებრივი ადაპტაციისათვის საკმარის ვადებში, რაც, ასევე, იძლევა იმის საშუალებას, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგეს სურსათის წარმოება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება. კონვენცია მხარეებს ჰყოფს კატეგორიების მიხედვით:

  • დანართ I-ში შესული ქვეყნები;

  • დანართ I-ში არ შესული ქვეყნები;

  • დანართ II -ში შესული ქვეყნები.

დანართ I-ში შესულში იგულისხმებიანგანვითარებული/ინდუსტრიულიქვეყნები; დანართ I-ში არ შესული: - განვითარებადი/არაინდუსტრიულიქვეყნები, ხოლო დანართ II -ში შესული - განვითარებული ქვეყნებისკატეგორიას მიკუთვნებული კონვენციის მხარეები, რომლებიც უწევენ დახმარებასგანვითარებადიქვეყნების კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად მხარეებს.

1994 წელს, საქართველო შეუერთდა კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას, როგორც დანართ I-ში არშესული ქვეყანა.



1997 წლის 11 ნოემბერს, UNFCCC-ის მხარეთა მესამე კონფერენციამ (COP) მიიღო კიოტოს ოქმი (პროტოკოლი), კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმის მეორე საერთაშორისო (სამართლებრივ) ხელშეკრულება. კომპლექსური ძალაში შესვლის პროცედურის გამო, ოქმი ძალაში შევიდა მხოლოდ 2005 წლის 16 თებერვლიდან. ამჟამად, ოქმს 192 მონაწილე მხარე ჰყავს.

UNFCCC-ის მხარეთა კონფერენცია შეასრულებს უმაღლესი ორგანოს, კიოტოს ოქმის მხარეთა სხდომის, ფუნქციას.

ოქმის მიზანია, სათბურის აირების შემცირება და UNFCCC-ის მხოლოდ დანართ I-ში შესული სახელმწიფოებისათვის სათბურის აირების შემცირების ვალდებულების განსაზღვრა ოქმის დანართ „ბ“-ით დადგენილი ლიმიტების შესაბამისად. ოქმი ადგენს ლიმიტებს „საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის“ პრინციპზე დაყრდნობით.

  • პირველი პერიოდისათვის, ოქმის მიზანი იყო, სათბურის აირების 2008-2012 წლებისათვის 1990 წლის დონის სრული ემისიების არანაკლებ 5%-ით შემცირება.

  • მეორე პერიოდი განისაზღვრა 2012 წელს, მხარეთა მე-18 კონფერენციაზე დოჰაში. ოქმის მხარეებმა ცვლილება შეიტანეს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმში. მეორე პერიოდისათვის, ოქმის მიზანია, 2013-2020 წლებში, 1990 წლის დონის სრული ემისიების არანაკლებ 18%-ით შემცირება. აღსანიშნავია, რომ „დოჰას ცვლილება“ ჯერ არ შესულა ძალაში.

1999 წელს, საქართველო შეუერთდა კიოტოს ოქმს, როგორც დანართ I-ში არშესული ქვეყანა. 2020 წელს, საქართველო შეუერთდა „გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმის დოჰას ცვლილებას“.


კოპენჰაგენის შეთანხმება

საერთაშორისო საზოგადოების მაღალი მოლოდინის მიუხედავად, 2009 წლის მხარეთა მე-15 კონფერენციაზე ვერ მოხდა კლიმატის ცვლილებს საერთაშორისო რეჟიმის მესამე საერთაშორისო (სამართლებრივი) ხელშეკრულების მიღება, თუმცა რიგმა განვითარებულმა ქვეყნებმა მოახერხეს პოლიტიკური შეთანხმების,- ე.წ. „კოპენჰაგენის შეთანხმების“ გაფორმება. შეთანხმების მიზანი იყო, სამართლიანობის საფუძველზე და გლობალური ტემპერატურის 2° C დონემდე ზრდის შეზღუდვის მიზნით, გლობალური ემისიების მკვეთრი შემცირება.

კოპენჰაგენის შეთანხმების მთავარი ელემენტები შემდეგი წლის მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილებაში აისახა (ცნობილია როგორც „კანუნის შეთანხმებები“). ამ ელემენტებიდან გამორჩეულია, „ქვემოდან-ზემოთ“ მიდგომა და 2° C ტემპერატურის მიზანი. თუმცა მსგავსად მხარეთა კონფერენციის ძირითადი გადაწყვეტილებებისა, ეს გადაწყვეტილებაც არ არის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის.

2010 წელს საქართველო მიუერთდა პოლიტიკურ შეთანხმებას „კოპენჰაგენის შეთანხმება“ (აკორდი), როგორც განვითარებადი ქვეყანა და წარადგინა ეროვნულად მისაღები სათბურის აირების შემცირების ღონისძიებები (NAMA).

2015 წლის 12 დეკემბერს, UNFCCC-ის 21-ე მხარეთა კონფერენციამ მიიღო პარიზის შეთანხმება, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო რეჟიმის მესამე საერთაშორისო (სამართლებრივ) ხელშეკრულება. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2016 წლის 4 ნოემბრიდან. ამჟამად, ხელშეკრულებას ჰყავს 189 მხარე.

UNFCCC-ის მხარეთა კონფერენცია ასრულებს უმაღლესი ორგანოს, პარიზის შეთანხმების მხარეთა სხდომის, ფუნქციას.

შეთანხმების მიზნებია:

1. გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2° C შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5° C შეზღუდვის მცდელობა, პრეინდუსტრულ დონესთან შედარებით;

2. კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის და სათბურის აირების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

3. ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფა სათბურის აირების დაბალემისიიანი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი განვითარების გზებთან.

2017 წლის 21 თებერვლის დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პარიზის შეთანხმება, ხოლო საქართველოსთვის შეთანხმება ძალაშია 2017 წლის 7 ივნისიდან. 2015 წელს, პარიზის 21-ე მხარეთა კონფერენციამდე, საქართველომ UNFCCC-ის სამდივნოში წარადგინა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი (INDC), ხოლო 2021 წლის მაისში, საქართველომ წარადგინა განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი.


2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს სამიტზე, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „მსოფლიოს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. მდგრადი განვითარების დღის წესრიგი შედგება 17 გლობალური მიზნისა და 169 ამოცანისგან.

ინიციატივის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, არის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ამაღლება, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გაძლიერება, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, გენდერულ და ზოგადად უთანასწორობის შემცირება, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნება, მდგრადი მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება და ა.შ.

საქართველოში 2016 წლიდანვე აქტიურად მიდის მუშაობა მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციაზე. 2019 წლის 12 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ მოიწონა „მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი“. 2016 წელს, საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული ნებაყოფლობითი ანგარიში, ხოლო 2020 წელს - მეორე.


აღნიშნული წყაროები:

  1. Ostrom, 2009: Elinor Ostrom, A Polycentric Approach for Coping with Climate Change, World Bank Policy Research Working Paper No. 5095, 1 ოქტომბერი 2009

  2. Fischlin, 2017: Andreas Fischlin. Background and Role of Science in Daniel R Klein, María Pía Carazo, Meinhard Doelle, Jane Bulmer, and Andrew Higham. The Paris Agreement on Climate Change: Analysis and Commentary. Oxford: Oxford University Press, 2017. გვ. 8

  3. Piñon, Gray, Tarasofsky, 2016: Carlarne Cinnamon Piñon, Kevin R. Gray, and Richard G. Tarasofsky. International Climate Change Law: Mapping the Field in The Oxford Handbook of International Climate Change Law. Oxford: Oxford University Press, 2016, გვ. 4


Comments


bottom of page